დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა - შალვა პაპუაშვილი

07 იან 2026

დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მალე დადგება დრო, როდესაც საქართველო შობას 25 დეკემბერს იზეიმებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადება საზოგადოებაში უთანხმოების შემოტანას ემსახურება.

„ესეც მცდელობა არის, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ რაც შეიძლება მეტი უთანხმოების საკითხი, ესეც გარედან მოდის. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობოები, რომლებიც ზუსტად ამ იდეოლოგიას თესავენ. ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ საზოგადოება არ უნდა თანხმდებოდეს 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 თუ 9 მაისი. გახსოვთ, შარშან ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით 9 მაისი არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს. 300 ათასი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან და 9 მაისს ჩაატარეს „ევროპის დღე“ ისე, რომ თავისი დაფინანსებული ხალხისგანაც არავინ დაპატიჟეს. არც კი მიულოცეს ქართველ ხალხს და მადლობა არ გადაუხადეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოში მავნე პრაქტიკით არის დაკავებული, რაც არის ხალხის დაპირისპირება, ზიზღის შემოტანა, ძალადობა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს.

„ბრიუსელის თავქარიანმა პოლიტიკამ, მისი არარჩეული ბიუროკრატების გაუაზრებელმა, ანტიევროპულმა პოლიტიკამ მიიყვანა აქამდე, რომ სახვეწრად აქვთ საქმე, რომ იქნებ რაღაცაში ჩართონ, იქნებ სადმე მოლაპარაკებებში იყოს. დღეს ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ეთქმის გლობალურ პროცესებში, ეს არის იმის ბრალი, როგორი თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიოროკრატიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.