07 იან 2026
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი, 0.2%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები მიზნრობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
„მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 1.6% არის. ასევე, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იან მაჩვენებლის ქვემოთ არის და 2.5%-ს შეადგენს“, – განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქვეყნებს მაკროეკონიმიკურ პროგნოზების სცენარებს და ცენტრალური პროგნოზით, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილებების მიღებისას, ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან.