პოლიციამ სიღნაღში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

16 იან 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით  1990 წელს დაბადებული  გ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.