18 იან 2026
ქ. ბერლინში, გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ თხუთმეტმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები, ორგანული წვენები, თაფლი, სანელებლები, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.
ქართული სტენდის სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. „მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. საერთაშორისო გამოფენა 16 იანვარს გაიხსნა და 25 იანვარს დასრულდება. მიმდინარე წელს გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,600-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს მონაწილეობას.