18 იან 2026
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მსოფლიო ხელბურთის გრანდს, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს, ხორვატიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 29:32 დამარცხდა. მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა და ხორვატიის ნაკრები დიდი უპირატესობით წინ გასვლას ვერ ახერხებდა.
მეტოქემ გადამწყვეტი „გაქცევის“ მოწყობა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლო. საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.
კონტინენტის პირველობა შვედეთსა და ნორვეგიაში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ასპარეზობს და ყველა მატჩს ქალაქ მალმეში გამართავს. საქართველოსა და ხორვატიის გარდა, ჯგუფში ნიდერლანდები და შვედეთი არიან. პლეი ოფში ასპარეზობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს შვედეთთან გამართავს.