20 იან 2026
საქართველოს სახალხო დამცველი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მათ შორის, საუბარია სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვაზე.
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.
ომბუდსმენი ასაჩივრებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.