ივლისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 388 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით შემცირდა - ეროვნული ბანკი

04 სექ 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 122.33 მილიონი ლარით, ანუ 0.18%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.93% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით, ანუ 1.79%-ით შემცირდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.79 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.06%-ითნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 18.81 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 1.53%-ით ჩამორჩება.