21 იან 2026
ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო. ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი წარადგინა.
საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი მოსაზრების წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საჯარო განხილვები სამი დღის განმავლობაში დაბა ოჩხამურში, ხუცუბანში, ციხისძირში, ბობოყვათში, საჩინოსა და დაბა ჩაქვში ჩატარდება.
მოსახლეობის მოთხოვნაა, შემოვლითი გზის პროექტში ადგილობრივების პოზიცია გაითვალისწინონ და გაკეთდეს მაგისტრალზე სოფლებიდან ასასვლელ-ჩასასვლელები. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტის მიზანი ქობულეთის შემოვლითი გზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაა.
გზის მოდერნიზაციის პროექტის სატენდერო ნაწილი წლის ბოლოს დასრულდება, სამუშაოები კი მომავალ წელს დაიწყება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდება.