22 იან 2026
დილიდან შეფასებების საგანია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. დავოსში გამოსვლისას ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა მიიღო სომხური მხარისგან მოთხოვნა, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის.
ალიევის თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა.
აზერბაიჯანის პრეზიდნეტის ეს განცხადება ბრიფინგის თემა იყო პარლამენტში გახარია საქართველოსთვის. გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში.
ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს შედეგი ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო დადგა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანა სტრატეგიულ მნიშვნელობას არ დაკარგავს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილად გავრცელდა.