აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

23 იან 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

ქობულეთში მათ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები და მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო სამუშაოებს, რომლის დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, გამარჯვებული კომპანია „ბილდინგ ჰაუსი“ განახორციელებს. პროექტი 500 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ ინფრასტრუქტურას, საცურაო აუზებს, ფიტნეს და კულტურულ-შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.

ხუცუბანში კი მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი. მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ბათუმში  დაათვალიერეს №26 და №3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში დასრულებული საბავშვო ბაღი.

სახელმწიფო დაფინანსებით, ბაღები სრულად მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. 810 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება. 

ურბანული განახლების პროექტების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, ბათუმის ირაკლი აბაშიძის, მემედ აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზის ქუჩებზე მიმდინარეობს შენობების, საფეხმავლო და საავტომობილო გზების განახლება. 

ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთებზეც.