არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86%, ეს რიცხვი უნდა შემცირდეს - დავით მათიკაშვილი

25 იან 2026

ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, გამოკითხული იქნებიან კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ სწორედ დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პარალელურად მთავრობაში მომუშავე კომისიისა და სუს-ის მიერ წარმოებული შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებისა, იქნება დაკავებული სწორედ ოპტიმალური ფასის დადგენით, დადგენის პროცესში არსებული რეალობის განსაზღვრით. იქნებიან გამოკითხული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან დაწყებული საბაჟოდან, დახლით დასრულებული. ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% საშუალოდ და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება სოციალური თვალსაზრისით იყოს ნაკლებად დატვირთული ისეთი ტვირთისგან, რისი შემცირების შესაძლებლობაც არსებობს და სწორედ ამიტომ მაქსიმუმი იქნება გაკეთებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, შეხვედრები იწყება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე განიხილავენ საწვავის ფასს. პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისია, ეძებს გზებს, მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი წნეხია. მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში პროდუქტი 86%-ით ძვირია, ვიდრე ევროპაში. ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს.