25 იან 2026
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელმაც მატჩის მანძილზე 33-ჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, მათ შორის თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე პენალტი მოიგერია. ასლანი დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მე-6 წუთზე სეკულიჩის ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ხორვატებმა წონასწორობა კუსტურას გოლით აღადგინეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე წინ გავიდა, გოლი ჰუგოს ანგარიშზეა. მატჩში საბოლოო ანგარიში 35-ე წუთზე კეკელიამ დააფიქსირა.
ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს. ჯგუფის ბოლო მატჩს ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები 28 იანვარს საფრანგეთთან გამართავს. კონტინენტის პირველობა ფუტსალში 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება. საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.