26 იან 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე New York Travel & Adventure Show გაუწია.
უწყების ცნობით, გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და სტენდთან მიმდინარე პრეზენტაციებისას მის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ.
გამოფენის მსვლელობისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გამართა სარეკლამო და ტურისტული კომპანიების, მედიისა და საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან.
გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. წელს, New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.