27 იან 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი და-ძმის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 25 იანვარს გარდაცვლილ ქალს დაბადების დღე ჰქონდა, რომელსაც ოჯახში, ძმასთან ერთად აღნიშნავდა. მათივე თქმით, ძმა ეზოში გავიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში არ დაბრუნებულა, რის შემდეგაც ქალმა სახლის მიმდებარედ მისი ძებნა დაიწყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძებნისას ქალი ახლომდებარე ხევში გადავარდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, ძმის ცხედარი მეორე დილით, სკოლაში მიმავალმა არასრულწლოვანმა იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არცერთ მათგანს, სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.