აქცია გონიოში მიწების დარეგისტრირების მოთხოვნით

28 იან 2026

აქცია იყო ბათუმის მერიასთან. მერთან გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას ამჯერად გონიოში მცხოვრები მოქალაქეები ითხოვდნენ, რომლებიც წლებია  სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონებას ცდილობენ. საუბარია ე,წ. გონიოს მიწების საქმეზე. მოქალაქეების ნაწილმა მიწებზე საკუთრება აღიდგინა ან მიიღო, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება.

აქციის მონაწილეებს საკრებულოს წევრი მამუკა კაკაბაძე და ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე შეხვდნენ.

კოპინაძის განცხადებით, მათთვის ცნობილია გონიოში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნა და მისი თქმით, ინდივიდუალურად ხდება თითოეული მათგანის საკითხის შესწავლა. როგორც ამბობს, მიწების დაკანონებას კანონი აფერხებს, რადგან ნაწილის სარგებლობაში არსებული ნაკვეთები გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაა, ნაწილზე კი არც ერთ მათგანს არ აქვს, ასევე კანონით გათვალისწინებული საარქივო ამონაწერი.  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ეს, მიწის დასარეგისტრირებლად საჭირო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ ტერიტორიებით წლებია სარგებლობენ და დაკანონების სურვილთან ერთად უფლებაც აქვთ. დღეს მერიაში მათ საკითხის ცალკეულად ხელახლა შესწავლას დაჰპირდნენ.