29 იან 2026
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების აღსრულება აქტიურ ფაზაში გადადის.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურების მასშტაბური რეფორმები, რომელთა კონცეფციები საჯარო განხილვების შემდეგ მთავრობის დადგენილები დამტკიცდა. გადავდივართ მათი აღსრულების აქტიურ ფაზაში.
პირველი ეტაპი მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.
წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინა პარლამენტს და მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული.
ზოგადი განათლების საფეხური: მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით. ბავშვის 1-ელ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026 -2027 სასწავლო წლისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის“,- აღნიშნა მიქანაძემ.