თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება - გივი მიქანაძე

29 იან 2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება.

მიქანაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები.

„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, მაქსიმალურად შევინარჩუნებთ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით სამეცნიერო საქმიანობაში. ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.