30 იან 2026
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ონლაინ გამოცემა „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გემ "Zhibek Zholy"-ის შესახებ დეზინფორმაციას უწოდებს. სააგენტოს განმარტებით, გავრცელებული ცნობები რეალურ ფაქტებს არ შეესაბამება და გემის ბათუმის პორტში შემოსვლა სრულად კანონიერ და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამის პროცესს წარმოადგენდა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი ფაქტის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გემის Zhibek Zholy შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე აღვნიშნავთ, რომ
ეს არ არის პირველი შემთხვევა და აღნიშნულ ონლაინ გამოცემას გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.
2026 წლის 26 იანვარს, 17:15 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შევიდა ყაზახეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ZHIBEK ZHOLY, მოსვლის ნავსადგური – ეისკი.
გემის მფლობელი და ბერბოუტ ჩარტერერი ყაზახეთში რეგისტრირებული კომპანიებია და არ იძებნება სანქცირებულ სუბიექტთა არც ერთ მოქმედ სიაში. გემი უზრუნველყოფილია მოქმედი, არასანქცირებული P&I დაზღვევით და ფლობს მოქმედ კლასს. პორტში შემოსვლისას გემის ყველა ტექნიკური და სამართლებრივი დოკუმენტი შემოწმდა დადგენილი წესით.
მედიაში მითითებული ონლაინ პლატფორმები (MarineTraffic, VesselFinder, GlobalFishingWatch) არ წარმოადგენს ოფიციალურ მონიტორინგის ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ვერ გამოიყენება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემების მოძრაობის კონტროლს ახორციელებს ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით, მათ შორის: სანაპირო AIS, Radar, LRIT და სხვა პროფესიული სისტემები.
გემი საქართველოს პორტში შემოვიდა ღიად და კანონიერად. მისი შემოსვლის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
2022 წლიდან აღნიშნული გემი ნამყოფია: ყაზახეთის, ეგვიპტის, კაბო ვერდეს, მალაიზიის, ვიეტნამის, ჩინეთის, ჰონკონგის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საქართველოს, თურქეთისა და ტუნისის ნავსადგურებში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სანქციების რეჟიმს მკაცრად აღასრულებს. მხოლოდ ბოლო წლებში სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარი ეთქვა:
• 2022 წელს – 13 გემს
• 2023 წელს – 9 გემს
• 2024 წელს – 15 გემს
• 2025 წელს – 18 გემს
• 2026 წელს (29 იანვრის მდგომარეობით) – 1 გემს.
სააგენტო მოქმედებს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით და გადაწყვეტილებებს იღებს ფაქტებზე და ოფიციალურ სამართლებრივ მექანიზმებზე დაყრდნობით, არა სპეკულაციებზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია.
მოვუწოდებთ ონლაინ გამოცემა “აი ფაქტს”, თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან და მის ხელთ არსებული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმოს შესაბამის უწყებებთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.