შეხვედრებიდან, რომლებიც გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით - პრემიერი

30 იან 2026

შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. ამაზე მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე.

„ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს და, იმედი გვაქვს, მანამდეც დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, რთულია საკითხი. დღეს გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში, ევროპულთან შედარებით, ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის. გაგრძელდება პროცესი. კიდევ უფრო საინტერესოა სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. გამომდინარე იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. ამაზე გაგრძელდება მუშაობა. პარლამენტი თავისი კომისიით ჩაერთვება სამუშაო პროცესი, მთავრობა განაგრძობს მუშაობას. ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.