31 იან 2026
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სეზონზე კურორტზე რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს კურორტმა 25 000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 19 პროცენტით აღემატება.
ამ ეტაპზე კურორტსა და მის მიმდებარე სასტუმროებში, კოტეჯებში, ჰოსტელებსა და საოჯახო სასტუმროებში ერთდროულად 1 500-ზე მეტი ვიზიტორის განთავსებაა შესაძლებელი.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით კურორტს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ობიექტები, რის ფონზეც „გოდერძი“ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ის ევროპის საუკეთესო უხვთოვლიან სათხილამურო მიმართულებად დაასახელა, ხოლო კურორტის ფოტო წელს ბრიტანული გამოცემის Wired for Adventure გარეკანზე მოხვდა.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გამორჩეულია თოვლის ხარისხითა და სათხილამურო ინფრასტრუქტურით. ამ ეტაპზე დამსვენებლებს 8 კილომეტრიანი ტრასები ემსახურება, რომლებიც ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროთია აღჭურვილი.