უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონებთან ტესტ-მატჩებს გამართავენ

31 იან 2026

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულ, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან თებერვლის ბოლოს ორ ტესტ-მატჩს გამართავს.
22 თებერვალს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდება, ხოლო 27 თებერვალს თბილისში, „ლელო არენაზე“ შეერკინება.
ორივე თამაში 15 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოს შარშან თებერვალშიც სტუმრობდა და მაშინ მეტოქემ სერიის ორივე შეხვედრა მოიგო. გუნდები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც თბილისი და ქუთაისი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებენ.