გივი მიქანაძემ ისრაელში მოქმედი საკვირაო სკოლა „მამულის“ მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

31 იან 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ისრაელში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციისა და საკვირაო სკოლა „მამულის“ მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მასწავლებლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა სკოლის წარმომადგენლებს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ისინი წლების მანძილზე უანგაროდ ეწევიან. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ეროვნული თვითშეგნების, ქართული ენისა და სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა სკოლის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა პედაგოგებს სკოლის განვითარების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ ხელმძღვანელი ირაკლი კილაძე.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.