31 იან 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე III-მ საპატრიარქოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მინისტრმა მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იერუსალიმის საპატრიარქო ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის მიმართ ავლენს. მან პატრიარქთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისა და განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე.
ხაზი გაესვა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ეკლესიის განსაკუთრებულ როლს, ასევე, იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც ქართულ ეკლესიასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობს.
თეოფილე III-მ გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.