ქართველი მორაგბეების ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში

02 თებ 2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. დავით ნინიაშვილის, ალექსანდრე ქუნთელიასა და ნიკა სუთიძის "ლა როშელმა" შინ წააგო ბექა საღინაძის, ბექა შვანგირაძისა და ირაკლი აფციაურის "ლიონთან" - 24:44.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 0:31 აგებდნენ. სწორედ ამ დროს, პირველი ტაიმის მიწურულს, ნინიაშვილმა ლელო გაიტანა. ეს მისი მე-7 ლელოა მიმდინარე ჩემპიონატში. "ლა როშელს" ახლა 37 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. "ლიონი" მას 5 ქულით ჩამორჩება და მეთორმეტეა.

გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის "რასინგმა" შინ დაამარცხა გელა აფრასიძის "პერპინიანი" - 37:31. გოგიჩაშვილმა, რომელიც თამაშში 22-ე წუთიდან ჩაერთო, ლელო 56-ე წუთზე გაიტანა. "რასინგი" 41 ქულით მე-9 ადგილზეა. "პერპინიანს" 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებს.