100 წელი ქუთაისის ცენტრალური არქივის დაარსებიდან

16 სექ 2025

ქუთაისის ცენტრალურ არქივს 100 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოეწყო გამოფენა და გამოიცა წიგნი, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ საარქივო მასალას მოიცავს.

1925 წელს დაარსებულ არქივში დაცულია XVII-XXI საუკუნეების დოკუმენტები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

არქივის ფონდებში დაცულია იმერეთის მეფეების გაცემული ისტორიული საბუთები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტების წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალები; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა ავტოგრაფები. ასევე ქუთაისის, ბათუმის, ფოთის – გეგმები, სხვადასხვა ისტორიული შენობის პროექტები.

საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც არქივის შენობაში მოეწყო, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ესწრებოდა.