უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემების რეფორმა

04 თებ 2026

უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები  პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღეს. ცვლილებას მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა  - 10-ის წინააღმდეგ. მთავარი  განხილვის საგანია ორი უმაღლესი სასწავლებლის,  თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, რაც განსაკუთებული ვნებათაღელვის მიზეზია  აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილში.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს ახალი მუხლები ემატება, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები.

,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი ქვეყანაში  სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წლიანი, მე-12 კლასი ნებაყოფილობითი გახდება.

პირველ კლასში დაიშვებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.სავალდებულო გახდება  სასკოლო ფორმის  ტარება.  ასევე საჯარო და კერძო სკოლებში აიკრძალება  მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება.