სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

05 თებ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

„ინდმეწარმე გ.ბ. (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს Cheese line (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით.

„აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია, საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.

აღიარების გზამკვლევი, დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობები და პროცედურა შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს სამტრედიაშიც.

სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით.

დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩა N8-ში მდებარე ყველის საწარმოშიც, სადაც ინდმეწარმე ზ. კ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.