05 თებ 2026
დუბაის სამიტი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გვაქვს საშუალება, მივმართოთ ფართო აუდიტორიას, აქ არიან შეკრებილები პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან დუბაიში.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად.
„ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. აქ ჰქონდათ, მათ შორის, მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პირადად მე მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო და კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში.
„ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები. არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება. ჩვენს ქვეყანას, კორუფციისგან თავისუფლების კუთხითაც, ძალიან მაღალი პოზიციები უჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები. მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ასევე, ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება. ამას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე ჩანს, რომ საქართველო ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას.