პრემიერამდე 2 დღით ადრე ბათუმის დრამატული თეატრი სპექტაკლს აუქმებს

06 თებ 2026

პრემიერამდე 2 დღით ადრე ბათუმის დრამატული თეატრი სპექტაკლს აუქმებს. ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაციამ განცხადება გაავცრელა. მასშია აღნიშნულია, რომ დრამატულ თეატრში დაგეგმილი იყო სპექტაკლის „დარქ ვებ“-ის პრემიერა. თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კატეგორიულად ემიჯნებიან თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. „პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს. შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“ - აღნიშნულაი თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაყურებელს კი შეძენილი ბილეთების საფასური უკან დაუბრუნდება. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებიდან მოხსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილმა უკმაყოფილება და კრიტიკა გამოხატა, ისინი არ ეთანხმებიან თეატრის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ თეატრი ეკუთვნის ხალხს. თუმცა სატელევიზიო ინტერვიუზე ჩვენი შეთავაზების მიუხედავად უარს განაცხადეს.

თეატრის სამხატვრო საბჭოს ერთ-ერთი წევრი მსახიობი ზაალ გოგუაძე  კი სრულად იზიარებს ადმინისტრაციის პოზიციას და ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ ადმინისტრაცია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო თუ რას ნახავდა პრემიერაზე მაყურებელი.