გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ - კახა კალაძე

07 თებ 2026

გარედან დაფინანსებულ პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, გამჭვირვალობის კანონის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ არგუმენტების გარეშე არაერთი შეურაცხყოფა და ცილისწამება მიიღო.

„დავიწყოთ იმით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, როგორი შემოტევა, შეურაცხყოფა, ცილისწამება იყო. მაშინ გახსოვთ გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს, საუბარი იყო აღნიშნული კანონის გაუქმებაზე, არგუმენტი არავის ჰქონდა, რატომ უშლიდა აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ გზას, დემოკრატიულ პროცესებს. დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყნის შიდა პოლიტიკის გარე ძალების მიერ დაფინანსება ყველა ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

„ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა. კატეგორიულად მიუღებელია, გარედან ფინანსდებოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკა. ეს პირდაპირ ჩარევა არის ჩვენს საქმიანობაში. შემოდიოდა თანხები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აფინანსებდნენ ვითომ კეთილ პროექტებს. რეალურად კი თანხები მიდიოდა პოლიტიკაში, თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, იყო არაერთი მცდელობა რევოლუციის მოწყობის, საზოგადოების გახლეჩვის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ყოველივე კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, საიდან შემოდის ქვეყანაში თანხები და რა საქმიანობისთვის იხარჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.