ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც მიჰყვება კომისიის რამდენიმე ლიდერი - პაპუაშვილი

11 თებ 2026

ვხედავთ ჰელსინკის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება რამდენიმე ლიდერი ამ კომისიის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ჰელსინკის კომისიაზე დღეს გამოცხადდება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

„მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი კიდევ გამოცხადდება იქ და მაინტერესებს, ის კვლავ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე ჩანიშნულ განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე ვიგებთ, რომ კომისიაში არის სკანდალი. კერძოდ, ჰელსინკის კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი მოქმედ წევრებს ადანაშაულებს კორუფციულ გარიგებებში, „ფარას“ გვერდის ავლით ფინანსურ დარღვევებში. მათ შორის საუბრობს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ეფშტეინის სკანდალთან. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?“

პაპუაშვილის შეფასებით, ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, არამედ ეს არის ადამიანური უფსკრული.

„იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეპშტეინის და მის კუნძულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ვხედავთ ერთი მეორის მიყოლებით გადადგომებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის, დიპლომატების როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე როდესაც გვესმის კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, რა თქმა უნდა, ერთადერთი პასუხი, რაც ჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს. ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ, ის, რაც ცხადდება ახლა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩართული იყო. ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც თურმე მთელი პოლიტიკური ელიტის დიდი თუ მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.