ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

11 თებ 2026

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მათ 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ხობში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა სამ პირზე ჯგუფურ ძალადობას.

ორგანიზატორი და კიდევ ორი ბრალდებული ძალადობით, თავს დაესხნენ ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულებს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოსვლას აიძულებდნენ, რა დროსაც ავტომანქანა დააზიანეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავდამსხმელს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და ორი პირის განზრახ მკვლელობა სცადა, რის შემდეგ, თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.