ოპოზიციას, რომელიც აპროტესტებს დებატებში ჩვენს მონაწილეობას, შურს ჩვენი, რადგან არ შეუძლია დებატებზე დაჯდომა, ან კვალიფიკაციის გამო, ან იმის გამო, რომ მოქცევის წესები არ იციან - იაგო ხვიჩია

14 თებ 2026

ოპოზიციას, რომელიც აპროტესტებს დებატებში ჩვენს მონაწილეობას, შურს ჩვენი, რადგან არ შეუძლია დებატებზე დაჯდომა, ან კვალიფიკაციის გამო, ან იმის გამო, რომ მოქცევის წესები არ იციან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მაშინ, როცა მათიანი, მათი „ბაბლის“ წევრი მონაწილეობს დებატებში, ამბობენ, რომ გამონაკლისის სახით შეიძლება თურმე მონაწილეობა. მე ვერ გავიგე, თუ არ შეიძლება, მაშინ რატომ მონაწილეობენ ე.წ. ამ „ბაბლის“ წევრები და თუ შეიძლება, მაშინ რას ერჩიან, ან აქამდე რას ერჩოდნენ იმ ხალხს, ვინც მონაწილეობა მიიღო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „გირჩი“ მზად არის, დებატებში ყველა თემაზე მიიღოს მონაწილეობა.

„გული გვწყდება, რომ ახლა „იმედზე“ როცა იმართება განათლების საკითხთან დაკავშირებული დებატები, ჩვენ არ ვართ და ხშირად გვაქვს დისკუსია, რამე ხომ არ ვაწყენინეთ „ქართულ ოცნებას“, რატომ გამოგვტოვეს ამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო დებატზე. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია და გვინდა, დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ცოტა სკეპტიკურები ვართ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან განათლების საკითხზე ჩვენი გამოტოვება არ შეიძლებოდა.

 

ზოგადად, როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ ხელისუფლებამ ხმები დაკარგოს, გადავიდეს ოპოზიციურ პარტიებზე ეს ხმები და საშუალებას არ აძლევდე მოქალაქეებს, ერთმანეთთან დააპირისპიროს შენი და ხელისუფლების მოსაზრება და საუკეთესო აირჩიოს. მე როცა ვთქვი, რომ შურთ-მეთქი, შურთ იმის გამო, რომ თვითონ აღმოჩნდნენ ძალიან ბრიყვები, როდესაც ოპოზიციურ არხებზე უარი თქვეს დებატებზე. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება უფრო მზად იყო საუბრისთვის ამ ფორმატით, ვიდრე ოპოზიცია და მათი „ბაბლი“, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტელევიზიები საერთოდ უსაქმურად არიან და აბსოლუტურ სისულელეს აშუქებენ დებატების ნაცვლად“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.