უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ჟენევაში 17 და 18 თებერვალს გაიმართება

16 თებ 2026

რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას ჟენევაში გადაინაცვლებს და რუსეთის დელეგაციას კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა. მოლაპარაკებები ხვალ და ზეგ გაიმართება.

ეს მოლაპარაკებები აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ორ რაუნდს მოჰყვა, რომლის დროსაც რუსეთის გუნდს სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კიევის დელეგაცია ჟენევაში მოლაპარაკებებისთვის ემზადებოდა.

მედინსკის დაბრუნება, რომელიც 2022 წელს თურქეთში და გასულ წელს გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას  ხელმძღვანელობდა, შესაძლოა იმის სიგნალი იყოს, რომ რუსეთი მოელის, რომ ყურადღება უსაფრთხოების საკითხების გარდა კონფლიქტის მხარეებს შორის უთანხმოების უფრო ფართო საკითხებზე გადაინაცვლებს.