16 თებ 2026
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშენკოს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. პროკურატურის თანახმად, მან ამ გზით 112 მილიონი დოლარი მიითვისა. გალუშენკოს ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრების და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში წევრობის მუხლით.
გამოძიების ინფორმაციით, 2021 წელს დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა ანგილიას კუნძულზე ფონდი დააფუძნეს, რომელსაც 100 მლნ დოლარის „ინვესტიცია“ უნდა მოეზიდა. „ინვესტორებს“ შორის გალუშენკოს ოჯახიც იყო. შემდეგ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ფონდში თანხების გადარიცხვა დაიწყეს.
ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში იყო გახსნილი. ამ გზით 7,4 მლნ დოლარის გადარიცხვა მოხდა. კიდევ მილიონ 200 ათასი შვეიცარიული ფრანკი და 2 მილიონ 400 ათასი ევრო უშუალოდ გალუშენკოს ოჯახს გადაურიცხეს.
პროკურატურის განცხადებით, 2021-2025 წლებში, როდესაც გერმან გალუშენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო, მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ნაღდი ფულის სახით 112 მლნ დოლარი მიიღო ენერგეტიკის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გზით.