19 თებ 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სპეციალისტი, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში, მეთევზეობის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში (SUMAE) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) რეგიონული პროექტის „მეთევზეობისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვა შავი ზღვისთვის (FishEBM BS)“ ფარგლებში გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.
სხდომაზე პროექტის გასული წლის შედეგები, მისი განხორციელების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი გადაჭრის მექანიზმები შეაფასეს. მმართველმა კომიტეტმა ასევე, მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი დაამტკიცა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტის მხრიდან გაგრძელდება საქართველოს ინსტიტუციური და ტექნიკური მხარდაჭერა, მდგრადი მეთევზეობისა და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მართვის პრინციპების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით.
პროექტის მხარდაჭერით დაგეგმილია დემერსალური თევზის სახეობების და მოლუსკ რაპანის კვლევები, ასევე, ჰიდროაკუსტიკური კვლევის მეთოდების ჰარმონიზაციის მიმართულებით ტრენინგები და შავი ზღვის რეგიონულ ჭრილში ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიციების განხორციელება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მეთევზეობის სექტორში მდგრადი პრინციპების გაძლიერებას, საზღვაო რესურსების გრძელვადიან დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას.