უკრაინის მხარდამჭერი აქციები მსოფლიო ქალაქებში

23 თებ 2026

მსოფლიოს დედაქალაქებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. დემონსტრანტები უფრო ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის მოწოდებებით გამოვიდნენ. ისინი უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, ეს ერთადერთი გამოსავალია.  

აქციის უკრაინელი მონაწილეები აცხადებენ, რომ  უკრაინას სიტყვების ნაცვლად კონკრეტული ქმედებები სჭირდება. უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციებში ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისინი უკრაინის მხარდაჭერას უცხადებდნენ და მოკავშირეებს ერთიანობისკენ მოუწოდებდნენ.

ხვალ  რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წელი შესრულდება, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა და უკრაინის ქალაქები, დაბები და სოფლები გაანადგურა.