თორნიკე ფაღავა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს

26 თებ 2026

საქართველოს პარლამენტის წევრი თორნიკე ფაღავა სოციალურ ქსელში ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას და გადაწყვეტილებას მედიის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს.

მისი განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოში მედიასივრცე სრულად იყო მონოპოლიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ხოლო დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის განვითარება 2012 წლის შემდედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში გახდა შესაძლებელი.

"2012 წლამდე საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი უბრალოდ არ არსებობდა და მედიასივრცე სრულად იყო მონოპოლიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ; ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების ,,დემოკრატიის სტანდარტი”. 

2012 წლიდან საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენი დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიაა საქართველოში, რაც არის ,,ქართული ოცნების" ხელწერა, არჩევანი და სტანდარტი. 

ერთ დროს დემოკრატიის მეტრის, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის დასანქცირება კრიტიკას ვერ უძლებს და თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა, განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა. 

დემოკრატია ძლიერდება არა განსხვავებული აზრის შეზღუდვით, არამედ ღია, კონკურენტული და მრავალხმიანი მედიაგარემოს დაცვით. სწორედ ეს არის ნამდვილი დასავლური სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ბრიტანეთის მოქმედ მთავრობას იგივე ხელწერა აღმოაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას. 

P.S. ასევე ნიშანდობლივია, რომ ზუსტად იმ ადამიანების წისქვილზე დაასხა ამ გადაწყვეტილებამ წყალი, ვინც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედი“ დაარბია",- წერს ფაღავა.