26 თებ 2026
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის. ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ გამოიყურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იმ ფონზე, როდესაც ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, „რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს, განხორციელებულია, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის გარიგება“.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გარეთ უორდთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხნენ.
„ესეც დავსვით, ესეც არის ნამდვილად. 40 წუთის განმავლობაში ამ საკითხსაც შევეხეთ. ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ რუსეთთან დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები. ასეთი მასალები არსებობს, რომელიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართულ, საერთაშორისო მედიაში, არამედ საერთაშორისო კვლევებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა კითხვებს აჩენს.
ჩვენ არ გვეშინია ამ კითხვების დასმის და ვსვამთ კითხვას, რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, რა კავშირი აქვს ამას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან, რომ რუსეთს ებრძვიან. ვერავის დავეთანხმები, რომ საქართველოსთან ასეთი მეთოდებით დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ რუსეთის დასუსტებაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.