არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

05 ოქტ 2025

არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ხმათა 80.79 პროცენტი მიიღო.

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.

კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ბათუმში მერის არჩევნებში, მოქალაქეთა ხმების 80.616% (42 815 ხმა) გიორგი ცინცაძემ მიიღო.

რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქის მერი, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, დავით ერემეიშვილი იქნება. მან ხმების 85.649% (37 635 ხმა) მიიღო.

ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს. მან, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმების 100% (14 431 ხმა) მიიღო.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გახდა, მან ხმების 91.933% (30 962 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მერის არჩევნებში 71.58%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა და მან 214 872 ხმა მიიღო.

3061 უბნიდან დათვლილია 2 283 უბნის მონაცემები. არჩევნებზე ჯამში 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა. ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.