02 მარ 2026
ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით ჭურვების გაშვების საპასუხო ქმედებაა“.
ამასთან, ისრაელმა ლიბანში 50-ზე მეტ სოფელსა და ქალაქს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავოს სამხრეთ ლიბანიდან სარაკეტო შეტევებისგან.
პარალელურად, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანი „შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს“.
ლარიჯანიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან „ყალბი იმედებით რეგიონი ქაოსში ჩაძირა“ და ახლა ამერიკელი სამხედროების მსხვერპლის გამო ღელავს.
„მან საკუთარი სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გადააქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ და ამერიკელი ჯარისკაცები შესწირა ისრაელის ძალაუფლებისადმი სწრაფვას“,- აღნიშნა ლარიჯანიმ.
ირანის მხრიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა ბაჰრეინში განლაგებული აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის ბაზა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბაზაზე დიდი ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან კონფლიქტის დაწყებამდე პერსონალი უკვე ევაკუირებული იყო.