ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ბაზა, ხოლო კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო ბაზა დაბომბა

02 მარ 2026

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამის ცა სქელი კვამლით დაიფარა მას შემდეგ, რაც ირანმა  ქვეყნის უმსხვილეს საზღვაო ბაზას დაარტყა. ირანული დრონების სამიზნე  აშშ-ის სამხედრო საზღვაო ბაზა იყო. ამ  ბაზაზე აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაა განთავსებული.  ბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამხედრო პერსონალი უკვე ევაკუირებული იყო. ირანულმა დრონებმა კვიპროსზე  ბრიტანულ სამხედრო ბაზასაც შეუტია. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს  საჰაერო თავდასხმას და აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ ირანი „განურჩეველ შეტევებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედროები და იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის წინაშე დგანან.

ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, ირანმა ისრაელსა და არაბეთის ყურის ქალაქებში ახლომდებარე აშშ-ის სამიზნეებზე თავდასხმებით უპასუხა.