ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო

09 ოქტ 2025

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „ვიზეარს“ ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.

ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, „ვიზეარი“ ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.

დღეის მდგომარეობით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან 23 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს. მიმდინარე წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია.