პრეზიდენტის სასახლეში ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს

09 მარ 2026

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

შეკრებილ სპორტსმენებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიმართეს.

ცნობისთვის, საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე, ისტორიაში პირველად, მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში, ორი პროგრამის ჯამში, 221,75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებიდან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ანასტასია გუბანოვამ ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ეს კი საქართველოს მიერ ქალთა კატეგორიაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ღირსებას ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზა.