10 მარ 2026
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.
რუკაზე საქართველო კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, სადაც აშშ-ს მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში, უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ.
თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც არის მაღალი რისკი კრიმინალის, სამოქალაქო არეულობის, ნაღმების. ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები. რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას შესაძლოა დაკავება ან დაჯარიმება მოჰყვეს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საფრთხის მეორე დონე მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში არის მომატებული რისკის მქონე ზონები.
რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს არ იმოგზაურონ ამ ქვეყნებში.