11 მარ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა. და 1997 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ორი პირი - 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ს.ჰ., სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.