გეკა გელაძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 მარ 2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვის სფეროში არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.