ბათუმის დრამატულ თეატრსა და აჭარის მაუწყებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 მარ 2026

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზია და რადიოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი - ინფორმაციას ბათუმის დრამატული თეატრი ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია თეატრსა და მაუწყებელს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება კულტურისა და მედიის განვითარების მიმართულებით.

"მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს, თეატრისა და ტელევიზიის გუნდური შემოქმედებითი ურთიერთობის დამყარება. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობას თეატრალური ხელოვნებისა და მედიის განვითარების სფეროში.

ტელევიზიასა და თეატრს შორის თანამშრომლობა განხორციელდება კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების გაშუქებისა და ერთობლივად განხორციელების მიზნით.

თეატრალურ თემატიკაზე სატელევიზიო გადაცემების, დოკუმენტური ფილმებისა და სპეციალური პროექტების წარმოების ხელშეწყობა.

ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების, მასტერკლასების და საჯარო შეხვედრების ორგანიზება და გაშუქება.

შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.