საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობა - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

13 მარ 2026

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები არის ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მმართველობა.

„რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობა.

საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა.

სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.

უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი და ეუთო-ს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის „საწვავის“ როლს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველომ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და ორგანიზაციები უნდა დატოვოს.

„ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი? არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავს მოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.