"ლელო - ძლიერი საქართველო " ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს

15 მარ 2026

აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ კოალიციაში „ძლიერი საქართველო" ლიდერების თათბირის შემდეგ განაცხადეს.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისში, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა.

"უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების ფონზე, დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა.

 

დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.

 

აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა.

 

· არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის. 

 

· ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

 

ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს — საქართველოს მოქალაქეებს! ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში, ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე, შეუძლებელია.

 

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.

 

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისში, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კოალიცია ავრცელებს.